განცხადება

kutaisiროგორც ცნობილია, ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეებს ვერ ემსახურება. ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის აღდგება მომსახურების პროცესი, ჯერ უცნობია.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, მითითებით, მომსახურება დროებით იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობიდან გაიცემა.

❗ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობაში, რომლის მისამართია: სადგურის მოედანი 3ა, მე-2 სართული. აღნიშნული პუნქტიდან გაიცემა უკვე დამზადებული დოკუმენტები – საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობები.

ამავე ოფისში უკვე შესაძლებელია სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების მიღებაც.  სამსახური პასპორტისა და პირადობის მოწმობების მსურველი მოქალაქეების განცხადებების მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მოქალაქეები  დისკზე ჩაწერილ ბიომეტრიულ ფოტოსურათს წარმოადგენენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის ტერიტორიულ სამსახურებსა და სოფლების – გეგუთის, მეორე სვირის, ზეინდარისა და დიდი ჯიხაიშის – საზოგადოებრივ ცენტრებშიც.

 ❗ საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ: ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.

 ❗ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებს მოემსახურება ქ. ქუთაისში, შემდეგ მისამართზე: სადგურის მოედანი N3 ა.

 ❗ ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული ოფისები გაიხსნა: თერჯოლაში, მისამართი – რუსთაველის 109, ხონში – კაკაბაძის 15, ზესტაფონში – წერეთლის №5 და ვანში – თამარ მეფის №8.

დამატებით ინფორმაციას იუსტიციის სახლი ოპერატიულ რეჟიმში აცნობებს მოსახლეობას.